თეგი: სარაკეტო დარტყმები

ბორის ჯონსონი: პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია

პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის ბაზაზე რუსული სარაკეტო დარტყმები ღრმად შემაშფოთებელია, თუმცა არ შეაყოვნებს ბრიტანეთს მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ჩვენ აბსოლუტურად გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობისთვის ამ თავდაცვითი, ლეტალური შესაძლებლობების მიწოდებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა: პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა

ჯო ბაიდენი: სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის წინააღმდეგ, პუტინის უკანონო ომის სისასტიკე აჩვენეს

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს, რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე და რუსეთისგან ჯარების გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.  „ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა სამიზნეები, რომლებიც სამხედრო ობიექტებს არ წარმოადგენდა. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა თქვა, რომ თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს რამდენი ხანიც დასჭირდებათ. „ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, აგრესიის გამო პუტინსა და რუსეთს დავუწესებთ ახალ შეზღუდვებს და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, ხოლო უკრაინასთან მიმართებით, უნდა გამოვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა შეძლონ დაიცვან ქვეყანა და მოიპოვონ თავისუფლება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ISW: რუსეთს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ტემპის შენელება მოუწევს. რაკეტების მარაგი იწურება

რუსეთმა, ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების მარაგი დიდწილად ამოწურა და, სავარაუდოდ, იძულებული იქნება უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეანელოს, - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ. რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, 15 ნოემბერს, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ყველაზე დიდი სერია დაიწყო. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 100 ერთეული Kh-101-სა და Kh-555-ის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს უკრაინის სამიზნეების მიმართულებით. სარაკეტო დარტყმები, პირველ რიგში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა. უკრაინულმა და რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს ობიექტებს კიევში, ასევე რივნის, ჟიტომირის, ლვოვის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას, ოდესას, კიროვოგრადის, ჩერკასის, ვოლინის და ხარკოვის რეგიონებში. „რუსულმა სამხედროებმა 15 ნოემბერს, კოორდინირებული სარაკეტო დარტყმების დროს, სავარაუდოდ, ზუსტი მართვითი იარაღის სისტემების დარჩენილი მარაგი გამოიყენეს“, - აცხადებენ ISW-ს ექსპერტები.  

დნიპროზე სარაკეტო დარტყმებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, უკრაინაში 7 პირი დააკავეს

ქალაქზე სარაკეტო თავდასხმისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით უკრაინაში, ქალაქ დნიპროში შვიდი ადამიანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჯგუფის წევრები ნებაყოფლობით დათანხმდნენ პრორუსული რადიკალური გაერთიანებას, რომ დნიპროს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ რუსეთის არმიას ინფორმაციას მიაწოდებდნენ.  გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი რუსებს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის მომზადებისთვის საჭირო კოორდინატებს აწვდიდა. თავდასხმის შემდეგ ჯაშუშები მიდიოდნენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, რათა რუსეთის არმიისთვის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია გადაეცათ და მოეხდინათ მათი კორექტირება. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა დგინდება, დაკავშირებული იყვნენ თუ არა დაკავებულები დნიპროზე 14 იანვარს მოხდარ თავდასხმებთან. ამას გარდა, რუსეთის ჯაშუშები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისა და უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ადგილისა და გადაადგილების შესახებ. ჯგუფს პრორუსული რადიკალური გაერთიანების, „რუსული გათავისუფლების მოძრაობის“ (სერბი,) მეთაური კურირებდა. ამ გაერთიანების იდეოლოგიური მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის წინააღმდეგობა. პოლიციამ გაჩხრიკა დაკავებულების რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამოიღო დოკუმენტები და მობილური ტელეფონები, რომლებშიც, არსებული ცნობით, მიკვლეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი საბუთები. დაკავებული პირები ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ღალატში, რომელიც საომარი მდგომარეობის დროსაა ჩადენილი. 14 იანვარს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს დნიპროში, რის შედეგადაც ორი სადარბაზო გაანადგურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა მინიმუმ 75 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.